ENG RUS

ექიმის რჩევები


 

სასარგებლო რჩევები თბილისის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური სამსახურის უფროსის, ზოგადი ქირურგის, პროფესორის - გიორგი კორახაშვილისაგან -ნაღველკენჭოვანი დაავადება - ნაღვლის ბუშტის ქვები (ქოლელითიაზი) საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში ქვების ანუ კონკრემენტების წარმოქმნა. ნაღვლის ქვები უპირატესად ნაღვლის ბუშტში წარმოიქმნება, თუმცა შესაძლოა ღვიძლგარე ან ღვიძლშიდა სადინრებშიც მოხვდეს ან განვითარდეს; რაოდენობრივად შესაძლოა ერთეული ან მრავლობითი იყოს. ქოლელითიაზი ხშირია ქალებში და 40 წლის ზემოთ, თუმცა ის შეიძლება ნებისმიერ ასაკსა და სქესთან შეგვხვდეს. ნაღველი მუქი ყავისფერი გამჭვირვალე და ბლანტი სითხეა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება და სანაღვლე სადინრების საშუალებით მისი ნაწილი ნაღვლის ბუშტში, როგორც დეპოში (რეზერვუარში) გროვდება და კონცენტრირდება, საიდანაც საკვების მიღების შემდეგ, ნაღვლის ბუშტის რეფლექსური შეკუმშვით გადაისროლება ნაღვლის საერთო სადინარში და ბოლოს თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურში ხვდება საკვების მოსანელებლად. ნაღველის შემადგენლობაში შედის წყალი, პიგმენტები - ბილირუბინი, ბილივერდინი, ქოლესტეროლი, ლიპიდები და ნაღვლის მჟავას მარილები. სწორედ ამ კომპონენტებს შორის ბალანსის დარღვევა იწვევს ნაღვლოვანი ქვების წარმოქმნას. ძირითად მათ სამ სახეობას გამოყოფენ: ქოლესტერინული, პიგმენტური და შერეული ქვები. ამ ბალანსის დარღვევასა და ნაღვლოვანი ქვების წარმოქმნას ხელს უწყობს: 1. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა; 2. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები; 3. ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში ნაღვლის შეგუბება. 4. გენეტიკური წინასწარგანწყობა; 5. ზოგიერთი დაავადება - სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, პოდაგრა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, და სხვა ქრონიკული დაავადება; 6. ზოგიერთი მედიკამენტი - მაგალითად, ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა.; 7. ჭარბი და უწესრიგო კვება - განსაკუთრებით, ცხიმიანი და სანელებლიანი საკვები; 8. სქესი - ქალებს ნაღველკენჭოვანი დაავადება მამაკაცებზე ხშირად ემართებათ. ამაში განსაზღვრულ როლს ასრულებენ ქალური ჰორმონები, ორსულობის პერიოდში განვითარებული ჰორმონული დისბალანსი, ქოლესტაზი, მუცლის ღრუში შექმნილი მაღალი წნევა და სხვა; 9. ასაკი - 40 წლის ზემოთ დაავადების განვითარების ალბათობა იმატებს. დაავადების გამოვლინებაა: ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ვითარდება და მხარში ან ბეჭქვეშა მიდამოში გადაეცემა - გამშვები მექანიზმი უმეტესად ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღებაა, ასევე ფიზიკური დატვირთვა ან ფსიქოემოციური გადაძაბვაა; სხვა სიმპტომებია - მუცლის შებერილობა, ბოყინი, გულისრევა, პირღებინება და გულძმარვა; განსაკუთრებით საშიშია მცირე ზომის 10მმ-მდე ზომის ქვები, რომლებიც შესაძლოა ნაღვლის ბუშტიდან მიგრირდეს ნაღვლის საერთო სადინარში, გამოიწვიოს მისი შეგუბება, რაც გამოვლინდება კანისა და სკლერების სიყვითლით, ღვიძლის უკმარისობის მოვლენებით. თუმცა, ნაღვლის ბუშტის ქვების არსებობა შეიძლება კლინიკურად მრავალი წლის მანძილზე შეუმჩნეველი დარჩეს, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და მათი არსებობის შესახებ პაციენტი შემთხვევით, უკვე განვითარებული გართულებების გამო ან საკონტროლო კვლევის დროს გებულობდეს. რა გართულებებია მოსალოდნელი ქოლელითიაზის დროს: • ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება და მისგან გამომდინარე პერიტონიტი, რაც უმეტესწილად სასწრაფო ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს; • პანკრეატიტი ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება; • ქოლანგიტი ანუ ნაღვლის სადინარების ანთება და მისგან გამოწვეული ღვიძლის და პოლიორგანული მწვავე უკმარისობა ზოგჯერ ლეთალური გამოსავლითაც კი; • ქოლედოქოლითიაზი ნაღვლის საერთო სადინრის ქვით დახშობა და სიყვითლე, რაც სასწრაფო და რთულ ჩარევას საჭიროებს; • ღვიძლის ციროზი და ფიბროზი; • ნაწლავური გაუვალობა, რას ასევე სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს; • ნაღვლის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე და სხვა. ყოველივე ზემოთქმულიდან გართულებების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა დროული მკურნალობა. ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია (სხვადასხვა მეთოდებით ქვების დაშლის მცდელობა უშედეგოდ და, რაც მთავარია, მძიმე გართულებებით მთავრდებოდა, ამიტომ მასზე მთელს მსოფლიოში უარი თქვეს). უმჯობესია, ქირურგიული მკურნალობა - ქოელცისტექტომია გართულებების განვითრებამდე, ადრეულ პერიოდში ჩატარდეს. მისი არსია, მოცილდეს ქვების წყარო - ნაღვლის ბუშტი - ქვებთან ერთად. მისი ჩატარების ორი გზა არსებობს - ღია ოპერაციული და დახურული - ე.წ. უსისხლო ლაპაროსკოპიული მეთოდით. ეს უკანასკნელი სწრაფი რეაბილიტაციის თვალსაზრისით ყველაზე დამზოგველია. პაციენტი ოპერაციიდან მეორე დღეს ფეხზეა, იწყებს კვებას და გადადის ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მოგვმართეთ - დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული
Tel: +995 32 236 44 85/86


თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ენდოკრინოლოგი - ლელა ყიფშიძე

სიმსუქნე მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც გულისხმობს ზედმეტი ცხიმის ისეთი რაოდენობით დაგროვებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას. სიმსუქნის შეფასება ყველაზე ხშირად ხდება სხეულის მასის ინდექსის (სმი) მეშვეობით და წელის გარშემოწერილობით. სმი = წონა (კგ) / სიმაღლე (მ2) ადამიანი ვისი სმი 25-29,9-მდეა ითვლება ჭარბჭონიანად, ვისი სმი 30 ან მეტია ითვლება მსუქნად. წელის გარშემოწერილობა ნორმად მიიჩნევა - ქალებისათვის < 80სმ, მამაკაცებში <94 სმ. სიმსუქნე შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს. ძირითადი რისკფაქტორებია:

  • ცხიმიანი და მაღალი ენერგეტიკული შემცველობის საკვები,
  • უმოძრაო ცხოვრების წესი (ფიზიკური ინერტულობა),
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი ( კვება დღეში 1-2 ჯერ),
  • კვება ღამის საათებში,
  • ოჯახური ანამნეზი.

სიმსუქნის გვიან გართულებებს წარმოადგენს: ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ინსულტი, ონკოლოგიური დაავადებები. რისკფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც, ზედმეტი წონა იწვევს გულის გადატვირთვას, არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის მომატებას ორგანიზმში. შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი პროგრესულად იზრდება ჭარბ წონასთან ერთად. გამოკვლეულია რომ დიაბეტის შემთხვევები განახევრდება მაინც, თუ მოზრდილებში თავიდან იქნება აცილებული წონის მატება. უნდა გვახსოვდეს, რომ სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და სწორი კვება უნდა დავიცვათ ბავშვობის ასაკიდან მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩვენ გირჩევთ:

  • იკვებეთ დღეში 4-5 ჯერ, მცირე ულუფებით;
  • მოერიდეთ ,,სწრაფი კვვების“ პროდუქციას;
  • მდიდარი იყოს თქვენი ყოველღიური ულუფა ხილითა და ბოსტნეულით;
  • თქვენი წონა გაყოფილი 9-ზე არის შესაბამისი ჭიქების რაოდენობა დღე-ღამეში;
  • წყალი მიიღეთ ჭამამდე.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მოგვმართეთ - დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული
Tel: +995 32 236 44 85/86


 

კატარაქტა არის თვალში არსებული ბუნებრივი, გამჭვირვალე, ოპტიკური ლინზის - ანუ ბროლის შემღვრევა. კატარაქტა იწვევს სხვადასხვა ხარისხის მხედველობის სიმახვილის მნიშვნელოვან დაქვეითებას, როგორც ერთ, ასევე ორივე თვალზე.
ბროლი წარმოადგენს თვალში არსებულ გამჭვირვალე, ორმხრივ ამოზნექილ, ბუნებრივ, ოპტიკურ ლინზას. მისი ფუნქციაა გაატაროს და გარდატეხოს სინათლის სხივი ბადურა გარსზე საგნების მკაფიო გამოსახულების მისაღებად. ბროლის ელასტიურობის გამო ადამიანს ახალგაზრა ასაკში (40 წლამდე) აქვს უნარი დაინახოს საგნები მკაფიოდ, სათვალის გარეშე სხვადასხვა მანძილზე. კატარაქტა შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი კატარაქტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს დედის ორსულობის პერიოდში გადატანილი:

  • ინფექციური დაავადებები;
  • სამშობიარო ტრავმა;
  • სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;
  • ნარკოტიკული ნივთიერებების და ალკოჰოლის მოხმარება; შეძენილი კატარაქტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
  • ასაკი (50 +);
  • ტრავმა;
  • ზოგადი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი და სხვ.);
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • თვალის დაავადებები (თვალის ანთებითი პროცესები და სხვ.);
  • სტეროიდების ხანგრძლივი მიღება;
  • ტოქსიური ნივთიერებების, ულტრაიისფერი და რადიაციული გამოსხივების ზემოქმედება;
  • თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს. დაავადების პროგრესირებას ახასიათებს მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება. კატარაქტის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • მხედველობის დაბინდვა, გაორება, ღამით გაუარესება;
  • ფერების აღქმის ცვლილება;
  • სათვალეების ხშირად შეცვლის აუცილებლობა; ზოგ შემთხვევაში ჩნდება ე.წ. ცრუ, დროებითი ახლომხედველობა (ხანდაზმული ადამიანი, რომელიც შორს კარგად ხედავდა და კითხვა უჭირდა, კატარაქტის განვითარების ამ ეტაპზე ახლოს კითხულობს სათვალის გარეშე, შორს კი ხედავს ცუდად). კატარაქტის პროგრესირების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია:
  • ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი მზის სათვალეების გამოყენება
  • ბოსტნეულის, ხილის და სხვა ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვების მიღება
  • ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ 50 წლის ასაკიდან, ხოლო შაქრიანი დიაბეტის და კატარაქტის განვითარების მაღალი რისკის სხვა დაავადებების არსებობისას ყოველწლიურად. კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი საშუალება შემღვრეული ბროლის ქირურგიულად მოცილებაა.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მოგვმართეთ - დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული
Tel: +995 32 236 44 85/86


 

გლაუკომა - თვალის ქრონიკული დაავადება და შეუქცევადი სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მსოფლიო მასშტაბით. განასხვავებენ პირველად, მეორად და თანდაყოლილ გლაუკომას.
გლაუკომის არსებობაზე მიანიშნებს შემდეგი ჩივილები:

  • მხედველობის დაბინდვა;
  • სინათლის წყაროზე ცქერისას, ცისარტყელის რგოლების გაჩენა;
  • დისკომფორტის, თვალის დაღლილობისა და დაძაბულობის შეგრძნება;
  • პერიფერიული მხედველობის დარღვევის გამო, ხილვადობის ზონის შეზღუდვა.

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრის, თვალის სნეულებათა დეპარტამენტში, ხორციელდება გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა . მკურნალობის ფორმას არჩევს ექიმი დაავადების სტადიის, პაციენტის ასაკისა და თანმხლები დაავადებების გაანალიზების საფუძველზე.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მოგვმართეთ - დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული
Tel: +995 32 236 44 85/86


 

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ექიმების რჩევები მათთვის, ვინც კომპიუტერთან დღის მანძილზე დიდ დროს ატარებს:

სწრაფად დაახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ დახუჭეთ და ერთი წუთის განმავლობაში, თითების ბალიშებით მსუბუქი მასაჟი ჩაიტარეთ. ეს პროცესი ადუნებს თვალის კუნთებსა და აუმჯობესებს თვალების სისხლის მიმოქცევას.

თვალები მაგრად დახუჭეთ, შემდეგ გაახილეთ, გაიმეორეთ 8-10 – ჯერ. ატრიალეთ თვალის კაკლები ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს 6-8 – ჯერ. აიღეთ ფანქარი, მზერა დააფიქსირეთ მის წვერზე და მიუახლოვეთ თვალებს 5-7 სმ-ის მანძილზე, შემდეგ დააშორეთ გაწვდენილი ხელის მანძილზე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 6-ჯერ. ამგვარი ვარჯიში ამსუბუქებს მხედველობას ახლო მანძილზე.


სასარგებლო რჩევები თბილისის ონკოლოგიური ცენტრის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ალექსანდრე ხელაშვილისაგან:

ცხვირის პლასტიკური ოპერაცია.

თანამედროვე კვლევები ცხადყოფენ, რომ პლასტიკური ოპერაციების შემდეგ ადამიანის ცხოვრების ხარისხიც უმჯობესდება, მატულობს თვითშეფასება, ქრება ძველი უარყოფითი კომპლექსები. ოპერაციის შემდგომ, პაციენტები გაცილებით ოპტიმისტები და შრომისუნარიანები ხდებიან.

პაციენტების 80%-ს რომლებიც ცხირის ფორმის შეცვლის სურვილით ჩვენ მოგვმართავენ, ხშირშემთხვევაში ძგიდის გამრუდების პრობლემაც აწუხებთ. ეს საკითხი კიდევ უფრო გასათვალისწინებელია, როდესაც კეხს ვიღებთ, ცხვირი მოკლდება, დაბლდება. ასეთ შემთხვევებში ვიწოვდება ცხვირის სავალი გზები, რაც თავისმხრივ სუნთქვის გაძნელებით გამოიხატება.

სწორედ ამიტომ, თითოეულ პაციენტს, რომელიც ჩვენ მოგვმართავს ცხვირის ფორმის შეცვლის სურვილით და პარალელურად სუნთქვის გაძნელების სიმპტომები აქვს, ჩვენ ერთდროულად ორივე ოპერაციის ჩატარებას ვურჩევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ცხვირს, რომელიც იქნება ლამაზი, თუმცა პაციენტი ვერ ისუნთქებს და ცხვირს ფუნქცია ექნება დაკარგული.

თანამედროვე მედიცინაში სპეციალური აპარატებიც კი არსებობს, რომლებიც ცხვირის სავალი გზების გამტარობას ამოწმებენ.


სასარგებლო რჩევები თბილისის ონკოლოგიური ცენტრის  ზოგადი ქირურგისა და  პროფესორ - გიორგი კორახაშვილისგან:

რა არის მუცლის თიაქარი?

მუცლის თიაქარი -  მუცლის კედლის (ფარის) სუსტ ადგილებში,  მუცლის ღრუს შინაგანი ორგანოების თიაქრული გამობერილობის სახით კანქვეშ გამოსვლაა.  ეს სისუსტეები შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ყველაზე გავრცელებულ ფორმას-  საზარდულის, ჭიპის, მუცლის შუა ხაზის, ბარძაყისა და ოპერაციის შემდგომი თიაქარი წარმოადგებს. არსებობს იშვიათი ფორმებიც. თიაქრის განვითარებას, გარდა მუცლის ფარის სისუსტეებისა, ხელს უწყობს მუცლის ღრუს შიდა წნევის ზრდა. ამ უკანასკნელს, თავის მხრივ,  სიმძიმეების აწევა,  ხანგრძლივი ხველა, შეკრულობა ან ფაღარათი იწვევს. ჩვეულებრივ, თიაქარი ვლინდება მუცლის წინა კედელზე გამობერილობის სახით, რომელიც, როგორც წესი, წოლის დროს ქრება ან  ზომაში მცირდება. დროთა განმავლობაში კი ამ გამობერილობამ შესაძლოა დიდ ზომებსაც მიაღწიოს.

რატომაა საშიში თიაქარი?

თიაქრის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება მისი ჩაჭედვაა . რას ნიშნავს თიაქრის ჩაჭედვა? ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც თიაქრის შიგთავსის მუცლის ღრუში შებრუნებას,  ხელს უშლის სპაზმირებული ჩამჭედი რგოლი. ის ძლიერ უჭერს ჩაჭედილ ორგანოს და ახშობს მის მკვებავ სისხლძარღვებს, ეს კი თავის მხრივ,  ჩაჭედილი ორგანოს კვდომას იწვევს, რაც კიდევ უფრო საშიში გართულების - პერიტონიტის განვითრების მიზეზი ხდებსა. ამიტომ, გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩაჭედვიდან მაქსიმუმ 2 საათში საჭიროა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება.

ჩაჭედვის საშიში ნიშნებია: ძლიერი ტკივილი თიაქრის მიდამოში, თიაქრული გამობერილობის დაჭიმვა და მუცლის ღრუში შესწორების შეუძლებლობა. ამ შემთხვევაში არ ეცადოთ თიაქრის ძალით ჩასწორებას და სასწრაფოდ  მიმართეთ ქირურგს.

როგორ ავიცილოთ გართულებები?

თიაქარი ქირურგიული დაავადებაა. ამიტომ მისი აღმოჩენისთანავე,  საჭიროა მიმართოთ ქირურგს და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით,  ოპერაციული მკურნალობა დაგეგმოთ!