ENG RUS

ჩვენი პაციენტები

 

ა.ო. ,,თქვენს კლინიკაში ახლობლის რჩევით მოვედი და ჩავიტარე თიაქრისა და პროსტატის ოპერაცია. ცხადია ოპერაციის წინ თითოეული ადამიანი ბუნებრივად ღელავს და განიცდის, თუმცა ახლა როცა უკვე რეაბილიტაციის ეტაპზე გადავედი ნერვიულობა და შფოთვა ნელ-ნელა სადღაც გაქრა. ამ გადმოსახედიდან ვაანალიზებ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა რამდენიმე წლით ადრე რომ დამეწყო, ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ მექნებოდა. სწორედ ამიტომ, ყველას ვინც ჩემს ნაწერს წაიკითხავს ვეტყოდი, რომ დროული დიაგნოსტიკა, სამომავლოდ ძალიან ბევრ პრობლემას აარიდებთ და არ გადადონ ექიმთან ვიზიტი“.


 

ნ.ჯ ,,თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს ნაცნობის რჩევით მოვაკითხე, ჩავიტარე შესაბამისი გამოკვლევები, თქვენს კლინიკაში გავიკეთე ოპერაცია ნაწლავზე (ექიმი - ბესო მეტონიძე - ქირურგი ონკოლოგი) მთელი ავადმყოფობის პერიოდში ძალიან შეშინებული და აფორიაქებული გახლდით, შიშის ფაქტორის გამო სიცხეებიც კი მქონდა, თუმცა ოპერაციის შემდგომ საგრძნობლად დავწყნარდი და დავმშვიდდი, ვგრძნობ რომ აქ საიმედო ხელში ვარ. ამ გადმოსახედიდან, ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ ექიმთან დროული ვიზიტითა და გამოკვლევებით თავიდან აიცილებენ ბევრ უსიამოვნო პროცესს, ჩივილები არასდროს უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ და ყოველთვის უნდა ვეცადოთ , რაც შეიძლება სწრაფად აღმოვფხვრათ. ბოლოს კი, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს, ექიმებსა და აქ მომსახურე სამედიცინო პერსონალს თბილი დახვედრისა და ჩემი გამოჯანმრთელებისათვის გულითადი მადლობა მინდა ვუთხრა".


 

ც.ჩ ,,თქვენს კლინიკაში, თავდაპირველად, ოჯახის წევრის რეკომენდაციით მოვედი. ვიყავი ძალიან იმედიანი, რადგან ვენდობოდი ექიმს და ოპერაციის შემდეგაც იგივე განწყობას ვინარჩუნებ. (ექიმი - ირაკლი სიხარულიძე - ქირურგი-მამოლოგი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი) თითოეულ ადამიანს ვურჩევდი, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ჯანმთელობას, ჩაერთონ სკრინინგ- პროგრამებში და ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები. მადლობას ვუხდი თბილისის ონკოლოგიურ ცენტრსა და მის თანამშრომლებს გაწეული სამსახურისათვის".


 

,,77 წლის მოხუცი ქალი ვარ, სამი მეტისმეტად მძიმე და პროგრესირებადი ოპერაცია გავიკეთე ერთდროულად: გინეკოლოგიური, თიაქრისა და ნაღვლის ბუშტის.მეტისმეტად ,,უხერხული“ პაციენტი ვიყავი, ასაკოვანი, სრულიად უძლური, ფიზიკურად დიდი, მსუქანი, ასეთივე დიდი რისკ-ფაქტორით. ამ გამოცდას ბევრი ვერ გაუძლებდა, გაურკვეველი ფიქრები მომეძალა. ონკო-გინეკოლოგის - დინა ქურდიანის (ავტ: დინა ქურდიანი - ონკო-გინეკოლოგი, ევროპის ონკოლოგთა საბჭოს წევრი, მედიცინის დოქტორი) ღიმილიან სახეს რომ შევხედე, გულმა მიგრძნო ეს ქალბატონი არამცდაარამც ამ მდგომარეობაში არ მიმატოვებდა.ის ძალიან მამაცი, მიზანმიმართული და კეთილმოსურნე პიროვნება აღმოჩნდა. დადებითი ენერგიის უდიდესი ძალა ჩადო ჩემში, დამიბრუნა ჩემი სასიცოცხლო სივრცე, ჩემი წილი ბედნიერება და სიხარული. გიორგი კორახაშვილი არამარტო უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალი ქირურგია, პიროვნულადაც დიდი ადამიანია. (ავტ: გიორგი კორახაშვილი - ზოგადი ქირურგი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი) მისმა მუდმივმა თავაზიანმა მანერებმა, ღიმილით გაბრწყინებულმა თვალებმა ისეთი მადლი გამიცოცხლა გულში, სრული რწმენა გამიჩნდა, რომ აუცილებლად გადავრჩებოდი.საოცარი გულის სითბო დამიტოვა მისი ოპერაციის თანამონაწილე ასისტენტმაც, როდესაც ჩემს პალატაში ნაოპერაციების შეხვევის დროს გულმოდგინედ ამუშავებდა ნაკერებს ვკითხე: ,,რა გქვია -მეთქი?“მითხრა - ბესოო! (ავტ: ამჟამად, ბესო მეტონიძე ქირურგი- ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი)კინაღამ გული გამიჩერდა. გარემოებათა გამო დიდი ხნის უნახავი შვილი, ბესო გამახსენდა და ცრემლები მომადგა თვალებზე, ძალიან მომინდა ხმამაღლა გამომეხატა ჩემი აღტაცება. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, სამაგალითოა ყველა მომსახურე მედპერსონალის ურთიერთობა, პატიოსნება." მოძიებულია თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ,,პაციენტთა ჩანაწერების წიგნში“/ 2015 წელი/


 

თ.ბ  ,,ვარ ერთ-ერთი ძალიან მადლიერი პაციენტი იმ უამრავ პაციენტთაგან, ვისი სიცოცხლეც გადაარჩინა ამ უნიკალურმა გუნდმა ბ-ნი ლაშა თურქიაშვილის ხელმძღვანელობით (ავტ:ონკო-ქირურგი კლინიკური სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი - ლაშა თურქიაშვილი). მქონდა რთული დიაგნოზი, ერთდროულად ჩამიტარდა ამ კლინიკაში 4 ოპერაცია. მე არც მოველოდი რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდნენ ასეთი მაღალი დონის ექიმები, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, ამის შემდგომ წავედი თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, სადაც მითხრეს რომ ქართველმა ექიმებმა მე ყველაფერი გამიკეთეს რაც შეიძლება გაკეთებულიყო და გამომიტყდნენ რომ ჩვენ ამაზე მეტს ფიზიკურად ვერ შევძლებდითო. დღეს მე, ბ-ნი ლაშა თურქიაშვილის და მისი გუნდის წყალობით თავს ვგრძნობ ამაყად, რომ გვყავს ასეთი ჭკვიანი ექიმები. ’’


 

ვ.წ-57 წლის  ,,მშრომელი, კახელი კაცი ვარ, ერთი სული მაქვს სწრაფად დაუბრუნდე აქტიურ ცხოვრებას, მოგეხსენებათ ახლა ჩემს მუნიციპალიტეტში რთველია გაჩაღებული, მეც აქ ადგილს ვეღარ ვპოულობ, თუმცა ჩემი ექიმი (ავტ:ონკო-ქირურგი კლინიკური სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი - ლაშა თურქიაშვილი) მაიმედებს რომ სულ რამდენიმე დღეში ისევ ჩავებმები სოფლის ცხოვრებაში. 4 სექტემბერს, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ონკო-ქირურგმა ლაშა თურქიაშვილმა, მსხვილ ნაწლავზე გამიკეთა ოპერაცია. მინდა ავღნიშნო, რომ ამ კლინიკაში ექიმებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ პაციენტების მიმართ, მათ ყურადღებას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი. ასევე დიდი მნიშნელობა აქვს, როცა შენი ექიმი ფსიქოლოგიურად გამზადებს და გეხმარება. მე, ბატონი ლაშას წყალობით, დიაგნოზის მიუხედავად, არც კი მინერვიულია და ასეთივე წარმატებით გავდივარ რეაბილიტაციის ეტაპსაც. გული არ მომითმენს, ჩემივე რაიონელი კაცის განცახდებაზეც არ გითხრათ, მე არ მესმის ექიმმა ფეხზე დაგაყენოს, გამოგაჯანმრთელოს და ამის მერე ასეთი რამე დააბრალო. მე ვიცნობ ამ კაცს (პაციენტი - თენგიზ აბულაძე) ლაგოდეხში რომ ჩავალ, აუცილებლად ვნახავ და ვკითხავ რა მოტივით გააკეთა ასეთი რამე. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია რომ ის იტყუება, ამას ბავშვიც კი მიხვდება.’’


 

ნ.ჩ  ორსულობის მეშვიდე თვეში მკერდის მიდამოში კვანძი შევამჩნიე, თუმცა დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მანამ, სანამ კვანძმა ზომაში არ მოიმატა და ტკივილები იღლიის მიდამოშიც არ გამიჩნდა. ჩემი ქმრის დაჟინებული თხოვნით წავედი ექიმთან, თავად ჩემმა მეუღლემ  მიმიყვანა  ირაკლი ექიმთან (ქირურგი-მამოლოგი, პროფესორი - ირაკლი სიხარულიძე). პრობლემა ბიოფსიაზე არ იდენტიფიცირდა, ადგილობრივად მოახდინეს გაჭრა და ნიმუშები დამატებით კვლევაზე გადააგზავნეს.  ზუსტად 5 იანვარს პასუხიც მოვიდა: სადინროვანი ინვაზიური კარცინომა, აგრესიული ფორმით და მეორეს დაწყებითი სტადია. ჩემთვის ეს დიაგნოზი იყო შოკისმომგვრელი. ცხადია,  ჩემს მეოთხე პატარას ძუძუს ვეღარ ვაჭმევდი, არადა მანამდე მეც გავრცელებული აზრის მჯეროდა, რომ თუ დედას ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ეყოლებოდა, ნაკლებად ემუქრებოდა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი.

თანდათან, პროფესიონალი ექიმებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალის დახმარებით, პირველი სტრესი გადავლახე. ჩემი თავი ხელში ავიყვანე და პრობლემას უფრო პრაგმატულად  მივუდექი. ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით,  ქიმიაზე ვიმყოფები, და მინდა ყველა ადამიანს ვუთხრა და ვურჩიო, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში, ჩაიტარონ გამოკვლევები, დროულად მიმართონ სკრინინგ ცენტრებს და იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე.


 

. ,,დაახლოებით ერთი წელი ვაკვირდებიდი, დვრილთან ახლოს კვანძს, თუმცა ექიმთან არ მივსულვარ. ჩემი მეუღლე ქირურგი გახლავთ და დასაწყისში მან იეჭვა ამ პრობლემის შესახებ, მისი ეჭვები  შემდეგ უკვე კლინიკაშიც დაგვიდასტურეს.

ორივე ძუძუზე დამჭირდა ქირურგიული ოპერაცია, თუმცა ორგანო შემინარჩუნდა. ჩემი დიაგნოზი ადენოკარცენომაა, ახლა მესამე ქიმიას ვიტარებ და სტრესული პერიოდი უკან მოვიტოვე. ამ გადმოსახედიდან ერთადერთ რამეს ვურჩევდი ადამიანებს, დროულად გაესინჯონ ექიმებს, ჩაერთონ სახელმწიფო სკრინინგ პროგრამებში და მოუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.


 

მ.ბ ძალიან დიდი ხანი მქონდა ეჭვები და გარკვეული მასტოპათიური ჩივილები, შემდეგ უკვე როცა ირაკლი ექიმთან მივედი (ქირურგი-მამოლოგი, პროფესორი - ირაკლი სიხარულიძე) ჩემი ეჭვები გამართლდა და მარცხენა ძუძუზე კარცინომა აღმომაჩნდა. მკურნალობის კურსის ჩატარებისა და სხვივური თერაპიის შემდეგ, ახლა უკვე ჰორმონოთერაპიისა და მუდმივი კონტროლის ეტაპზე ვიმყოფები.

დიაგნოზის გაგების შემდეგ, მძიმე ემოციური ფონი მქონდა, თუმცა ეს სტრესები მალე დავძლიე და ჩემს თავს შემოვუძახე. კლინიკისა და ჩემი ექიმის მადლობელი ვარ, რომ არა მათი პროფესიონალიზმი და ის დადებითი აურა, რასაც კლინიკაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი, ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპს ასე მარტივად ვერ გადავიტანდი. ახლა 47 წლის ვარ, აქტიურად ვცხოვრობ, ყოველთვის დავდივარ და ვიტარებ გეგმიურ შემოწმებებს და ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თავის ჯანმრთელობას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უფრო, როცა დღესდღეისობით უამრავი სახელმწიფო პროგრამა გამართულად მუშაობს.


 

მ.ბ ჩემი დიაგნოზი მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა, მეორე, ა სტადია გახლდათ. ოპერაცია 2016 წლის აგვისტოში ჩავიტარე, გავიკეთე ასევე სხივური თერაპიია და რვა ქიმიოთერაპიის  პროცედურა. ოპერაციის შემდეგ,  ორგანოს ნაწილობრივი რეკონსტრუქციის საჭიროებაც დადგა და ეს პროცედურაც ჩავიტარე. ახლა, როცა მე ჩემი დიაგნოზი დავამარცხე მინდა ყველას, განურჩევლად ასაკისა და სქესისა ვუთხრა, რომ გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე.


 

მ.ს ჩემი ამბავი ცოტა უფრო უცნაურად დაიწყო. პირველი ჩივილები 2013 წელს ფეხის მიდამოში მქონდა. ჯერ ბარძაყი, მერე მუხლი და ბოლოს მთლიანად მარჯვენა ფეხი ამტკივდა. ეჭვი ნერვის ანთებაზე მივიტანე და ექიმის მეთვალყურეობით, შესაბამისი მკურნალობის კურსიც ჩავიტარე, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს სრულიად შემთხვევით, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები ჩავიტარე, პასუხები დამაიმედებელი არ იყო.

სრულიად დაბნეული და ამ პრობლემას შეჭიდებული, ბოლოს თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ციცო ექიმს (ონკო-გინეკოლოგი - ციცი მესხი)   შევხვდი. მაშინაც და ახლაც ყოველთვის ვამბობ, რომ ექიმს, მის მიდგომას, სიტყვასა და დამოკიდებულებას ჩვენი ცხოვრების რთულ პერიოდებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ჩემი დიაგნოზი - საშვილოსნოს ყელის სიმსივნე (პირველი სტადია) გახლდათ. 2013 წლის ივნისში, 25 წლის ასაკში გავიკეთე ოპერაცია, მონოქიმია და სხივური თერაპიის პროცედურები. ახლა გარკვეული პერიოდულობით, მუდმივად კონტროლის ეტაპზე ვარ.

ზუსტად 5 წელია გასული, რაც მე ჩემი დიაგნოზი დავამარცხე. ამ გადმოსახედიდან მინდა ყველა ადამიანს ვუთხრა რომ პირველ რიგში, მთავარია განწყობა, დამოკიდებულება და პრობლემის სწორად აღქმის უნარი. სასოწარკვეთილება ასეთ დროს ყველაზე ცუდი არჩევანია. ვფიქრობ, რომ დროა ჩვენმა მოსახლეობამ, ჩამოიყალიბოს  გეგმიური შემოწმებებისა და გამოკვლევების ჩატარების კულტურა. ნესბიმიერი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში,  შედეგი, როგორც წესი, არ აყოვნებს და  პაციენტი ყოველთვის მოგებულის როლში რჩება.