ENG RUS

ინტერვიუ ექიმთან


რა იწვევს ყურის ანთებას და როგორ ვებრძოლოთ ყურის ტკივილს სახლის პირობებში - ინტერვიუ ნიკოლოზ ცეცხლაშვილთან

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ოტორინოლარინგოლოგიური დეპარტამენტი ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადების მქონე პაციენტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების სრულ სპექტრს სთავაზობს. აღნიშნულ დეპარტამენტს ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი ნიკოლოზ ცეცხლაშვილი ხელმძღვანელობს. რა იწვევს ყურის ტკივილს, რა შეიძლება იყოს ყურის ანთების, იგივე ოტიტის გამომწვევი მიზეზი, როგორ ვებრძოლოთ ყურის ტკივილს სახლის პირობებში - ამ და სხვა თემებზე თავად ნიკოლოზ ცეცხლაშვილს გავესაუბრეთ:

1. რა იწვევს ყურის ტკივილს?

ყურის ტკივილი, იგივე ოტალგია არის ყურიდან მომდინარე დისკომფორტი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ყურში , ისე მოსაზღვრე ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებით. განარჩევენ პირველად და მეორად ოტალგიას. როდესაც ყურის ტკივილის მიზეზისაკუთრივ ყურია (პირველადი ოტალგია), მაშინ ოტოსკოპიით ადვილად დგინდება პათოლოგია, ხოლო როდესაც ტკივილის მიზეზი ყური არ არის (მეორადი ოტალგია), მაშინ ოტოსკოპიური სურათი ნორმალურია და საჭირო ხდება ტკივილის წარმოშობის მიზეზის ძებნა. ყურის ტკივილი ხშირად ევსტაქის მილის (შუა ყურის ცხვირხახასთან დამაკავშირებელი მილი) დახშობითაა განპირობებული, რაც ალერგიამ, გაციებამ ან ცხვირხახის ადენოიდების ჰიპერტოფიამ შეიძლება გამოიწვიოს. ამას მოყვება შუა ყურში ვენტილაციის მოშლა, იქ არსებული ჟანგბადის შეწოვა და ვაკუუმის წარმოქმნა, რაც იწვევს სითხის (ტრანსუდატის) დაგროვებას, ამას კი შუა ყურში წნევის გაზრდა და ტკივილი მოყვება. ოტალგია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, კერძოდ : პირველადი ოტალგიის შემთხვევაში: გარეთა ოტიტი, ნეკროზული გარეთა ოტიტი, შუა ოტიტი, ვირუსული მირინგიტი, პერიქონდრიტი, უცხო სხეული, ბაროტრავმა, მასტოიდიტიგოგირდის საცობი, რამსი ჰანტის სინდრომი (ტკივილს თან ახლავს ვეზიკულური გამონაყარი. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება), ტრავმა, ვეგენერის გრანულომატოზი, ყურის ნიჟარის და გარეთა სასმენი მილის სიმსივნე და ინფიცირებული კისტა, ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი და სხვა. მეორადი ოტალგიის შემთხვევაში: სტომატოლოგიური მიზეზები, ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, ხერხემლის კისრის ნაწილის ართრიტი, სამწვერა და ენახახის ნერვის ნევრალგია, ბელის დამბლა, საფეთქლის არტერიტი, პირის ღრუს აფტოზული წყლულები, კისრის ადენოპათია, თირეოიდიტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიები, მიოფასციალური ტკივილი ( კუნთის სპაზმი ან საღეჭი და მკერდ - ლავიწ - დვრილისებრი კუნთის ანთება ), გულმკერდის ანევრიზმა, კრიკოარითენოიდული ართრიტი, ფსიქოგენური , სიმსივნეები (მაგალითად: პაროტიდული, ჰიპოფარინგეალური, ნაზოფარინგეალური, ენის ძირის, ტონზილარული ფოსოს, ხორხის, საყლაპავის, ინტრაკრანიალური, ხერხემლის კისრის ნაწილის ) და სხვა.

2. რა შეიძლება იყოს ყურის ანთების (ოტიტის) გამომწვევი მიზეზი და როგორ ვითარდება ოტიტი გრიპის დროს?

გარეთა ოტიტების (გარეთა სასმენი მილის ანთება, პერიქონდრიტი და სხვა ) განვითარებას ხშირად ხელს უწყობს დაბინძურებული წყლის მოხვედრა ყურში, ყურის გაღიზიანება სხვადასხვა უხეში საგნით, ეგზემა, ფსორიაზი, ასევე გოგირდის საცობი. რაც შეეხება შუა ოტიტს, იგი როგორც წესით ვითარდება სხვადასხვა ვირუსული ინფექციის დროს, ასევე ოტიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის გაძნელების ნებისმიერი მიზეზი, რადგან , როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ევტაქის მილის ერთი ბოლო იხსნება დაფის ღრუში, მეორე ბოლო კი ცხვირხახის ლატერალურ კედელში, ცხვირის ქვემო ნიჟარის უკან. ევსტახის მილის დანიშნულებაა დაფის ღრუს შიდა წნევის გარემოს წნევასთან გათანაბრება, რაც აუცილებელია ბგერის გამტარი აპარატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ევსტაქის მილის დახშობის გამო, რაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გრიპის დროს ქვემო ნიჟარის შეშუპებამ, დაფის ღრუში წნევა მკვეთრად ეცემა, რაც ხელს უწყობს ანთებითი გამონადენის გამოყოფას. ეს უკანასკნელი კი დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ცხვირხახიდან მოხვედრილი ბაქტერიებით ინფიცირდება და ჩირქად გადაიქცევა. ბავშვებში ოტიტი გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში. ამის მიზეზი ის ანატომიური თავისებურებებია, რომელიც ბავშვის ყურს ახასიათებს. კერძოდ , ბავშვებში ყურის და ცხვირის დამაკავშირებელი არხი ( ევსტახის მილი ) მოკლე და ფართეა, რაც ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს. დაფის ღრუში ინფექცია შეიძლება ასევე მოხვდეს ტრავმული, მენინგოგენური, ჰემატოგენური გზითაც.

3. როგორ ვუმკურნალოთ ყურის ტკივილს, ყურის ანთებას?

პირველ რიგში, თუ ტკივილი ძალიან შემაწუხებელია შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მაგალითად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ბავშვებისთვის ექიმის ნებართვის გარეშე დაუშვებელია ასპირინის ჯგუფის პრეპარატების მიღება.

ყურზე თბილი (არა ცხელი) კომპრესი ასევე დაგეხმარებათ ტკივილის მოხსნაში, თუმცა ეს საშუალება მოძველებულია და წამლის ან ექიმის არ არსებობის შემთხვევაში უფრო გამოგადგებათ. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და ბენზოკაინის წვეთები.

ყურის ტკივილისას ზოგჯერ მიზანშეწონილია ყურის წვეთების გამოყენება, თუმცა ექიმის რჩევის გარეშე წვეთების გამოყენებას მოერიდეთ, რადგან ზოგი მათგანი მხოლოდ გარეგანი მოხმარებისაა და ოტოტოქსიურია დაფის აპკის პერფორაციის (მთლიანობის დარღვევის) დროს.

რაც შეეხება ოტიტის მკურნალობას ის განსხვავებულია ყურის ანთების სიმძიმის მიხედვით, კერძოდ, გარეთა ოტიტის დროს:

ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ამინოგლიკოზიდები, ქინოლები, პოლიმიქსინ B;

სტეროიდების წვეთები (ჰიდროკორტიზონი ან დექსამეტაზონი )

დაბალი PH ის მქონე ანტისეპტიკური საშუალებები, როგორიცაა: 8% ალუმინის აცეტატის ხსნარი .

შუა ოტიტის დროს:

თუ ანალგეზიური თერაპიის ფონზე 48-72 საათში მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა. არჩევის პირველი რიგის პრეპარატია ამოქსიცილინი. თუ ამოქსიცილინზე აღინიშნება ალერგიული რეაქცია პირველი რიგის თერაპიად მისაღებია აზიტრომიცინი. თუ სიმპტომები გრძელდება ან პაციენტს მედიკამენტების პერორალური მიღება არ შეუძლია, მიზანშეწონილია ცეფტრიაქსონის კუნთშიდა ინექციები რამდენიმე დღის განმავლობაში.

ასევე რეკომენდებულია ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები.

4. ყურის ტკივილი რა თქმა უნდა ექიმის დროულ ჩარევას და მკურნალობას საჭიროებს. თუმცა, სანამ პაციენტი თქვენამდე მოვა რას ურჩევდით, როგორ გაიყუჩოს ყურის ტკივილი?

ყურის ნებისმიერი ანთების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის კონსულტაცია ყელ - ყურ - ცხვირის ექიმთან, რადგან დადგინდეს ოტიტის ტიპი. თუ ექიმთან ვიზიტი ვერ ხერხდება და აღინიშნება ძლიერი ტკივილი, შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ერთჯერადად გამოვიყენოთ ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები და ყურის ანალგეზიური და ანთების საწინააღდეგო წვეთები, ხოლო შემდგომ მივმართოთ ექიმს. არ შეიძლება ყურის გამორეცხვა, სპირტისა და სხვა საშუალებების თვითნებური გამოყენება ყურში, რადგან ყური საკმაოდ ფაქიზი ორგანოა და ამან შეიძლება სერიოზული გართულება მოგვცეს ან რაიმე კვალი დატოვოს პაციენტის სმენასა და ჯანმრთელობაზე.

ესაუბრა ნინო გოლოშვილი


ბლიც-ინტერვიუ

სახელი: მამუკა გვარი: მჭედლიძე პროფესია: ექიმი სპეციალობა: უროლოგია 🔴🔵სამუშაო ადგილი: თბილისის ონკოლოგიური ცენტრი კარიერული არჩევანი: დაბადებიდან მინდოდა ექიმობა - რადგან ჩემი მშობლები ფარმაცევტები არიან სულ მქონდა ამ სფეროსთან შეხება. ჩემი გადაწყვეტილება გავმხდარიყავი ექიმი, რა თქმა უნდა ოჯახის დიდი გავლენითაც აიხსნება. ოჯახი: მყავს 23 წლის შვილი, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია - ვაგრძელებთ ოჯახურ ტრადიციას. 🔴განათლება და სამუშაო გამოცდილება: 1992-1999 წ.წ. – თბილისის სამედიცინო აკადემია – სამკურნალო ფაკულტეტი 2000-2001წწ. – სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახური „ქველი“ – მორიგე ექიმი 2006 წლიდან – მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი – „ჯანმრთელი თაობა“ – ექიმი უროლოგი 2007 წლიდან – ს/ს „საქართველოს დიპლომის შემდგომი განათლება სახელმწიფო სამედიცინო აკადემია“ – ექიმი უროლოგი 2007 წლიდან – საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრი 2010 წლიდან – ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი 2011 წლიდან – ს/ს „საქართველოს დიპლომის შემდგომი განათლება სახელმწიფო სამედიცინო აკადემია“ – უროლოგიური განყოფილების გამგე 2012-2016წწ. – ს.ს. „თანამედროვე სამედიცნო ტექნოლოგიები“ – უროლოგიური სამსახურის უფროსი 2015 წლიდან – ტვილდიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2017 წლიდან – მედიცინის აკადემიური დოქტორი 2017 წლიდან – შპს „ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი“ – ექიმი უროლოგი 2017 წლიდან – კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2017 წლიდან – საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის წევრი 🔵ექიმის გზა: მძიმეა ექიმის ხვედრი - ეს გზა იყო საკმაოდ დატვირთული, თუმცა სასიამოვნო. 🔴რომ არა ექიმი: იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი პაციენტები - დღითიდღე ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში და ამიტომ სხვა სფეროში საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.


„როგორია საკვერცხის კიბოს სიმპტომები?“ - ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს წევრის რჩევები

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი დინა ქურდიანი 2015 წლიდან ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი (ESGO Council Member) გახლავთ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურა ჯერ დოქ. აბდურაჰამ უორსტანის ანკარის ონკოლოგიის საავადმყოფოში გაიარა, შემდეგ კი კვალიფიკაცია აიმაღლა ავსტრიის გრაცის საუნივერსტიტეტო კლინიკაში . 2006 წლიდან ,,ალიანსი კიბოს წინააღმდეგ” ვიცე-პრეზიდენტია, 2014 წლიდან გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ონკოგინეკოლოგიაში. GeoDoc-ის კითხვებს დინა ქურდიანი პასუხობს: - რატომ გადაწყვიტეთ ონკოგინეკოლოგობა? - ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვიყავი. სკოლის ასაკში არაერთი პროექტი მაქვს მოგებული. შემდგომ, უკვე სტუდენტობის პერიოდში გაეროს ეგიდით მოქმედ სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში გახლდით გაწევრიანებული და ახლო შეხება მქონდა ონკოლოგიურ დაავადებებთან. სკრინინგული პროგრამები იმ პერიოდში საქართველოში არ ხორციელდებოდა. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი სხვაობა იყო ევროპულსა და ქართულ სტანდარტებს შორის. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ცოდნას მაქსიმალურად ვიღრმავდებდი და ორიენტირი ონკოგინეკოლოგიაზე ავიღე. მაშინაც და დღესაც ჩემი უმთავრესი მიზანია ევროპული სტანდარტების საქართველოში შემოტანა და დანერგვა. - რამდენად რთული გზის გავლა მოგიხდათ თქვენი მიზნების განსახორციელებლად ? - იმის გათვალისწიებით, რომ ჩვენ პირველი ტალღის რეზიდენტები ვიყავით ონკოგინეკოლოგიაში, საკმაოდ რთული გამოცდების ჩაბარება მომიწია. მოგვიანებით, რეზიდენტურა გავიარე თურქეთის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. შემდგომ იყო კვალიფიკაციის ამაღლება ევროპის სხვადასხვა კლინიკებში. - არადა, დღეს სკრინინგ პროგრამები საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია? - დიახ, საქართველოში დაიწყო უკვე სკრინინგ პროგრამები და მოსახლეობის დაინტერესებაც გაიზარდა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩვენს ქვეყანაში სწორედ თბილისის ონკოლოგიური დისპანსერიდან დაიწყო და პირველი პილოტური პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ განხორციელდა საქართველოში. მაშინ მთელი ჩვენი კლინიკა იღებდა მონაწილეობას საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგზე. შემდგომში, ეს ევროპული მოდელი აიტაცეს და ქვეყნის მთლიანი მასშტაბით განავითარეს. - თქვენ ხართ ევროპის ონკოგინეკოლოგთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი. თუ შეიძლება, მოგვიყევით ამ ორგანიზაციის შესახებ? - აღნიშნული ორგანიზაცია დაფუძნდა 1983 წელს და აერთიანებს 5 000 პროფესიონალს ევროპის მასშტაბით. ჯერ ვიყავი ახალგაზრდა ონკოგინეკოლოგთა წარმომადგენელი საქართველოდან და მოკლე ხანში გავხდი საბჭოს წევრი. დღეს-დღეობით, მე ვარ ერთადერთი ქართველი საბჭოში, რომელიც წარმოვადგენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ვარ ორ კომიტეტში, ანუ ვკურირებ სამედიცინო განათლებას და აკრედიტაციის კომიტეტს. - ევროპის ონკოგინეკოლოგთა ორგანიზაციის(ESGO) მისია რა არის? - კიბოს პრევენცია, თანამედროვე გაიდლაინების შექმნა და განათლება. - თქვენი მოსაზრებით, როგორია საქართველოს როლი კიბოსთან ბრძოლაში? - მიმაჩნია, რომ ამ მხრივ საკმაოდ მაღალი ჩართულობა გვაქვს, ვინაიდან სკრინინგ პროგრამების გარდა, არსებობს მთელი რიგი უფასო გამოკვლევები. ასე რომ, მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა ნამდვილად არის. თუმცა, არსებობს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაგალითად საკვერცხის კიბო, რომლის გამოსავლენად მხოლოდ სკრინინგი არ არის საკმარისი. იმას ვგულისხმობ, რომ სიმპტომები ხშირად ისე მიმდინარეობს, რომ რთულად შესამჩნევია. - და ამის დაფინანსება არ ხდება? ჯერჯერობით, არა. ამიტომ ონკოგინეკოლოგები აქტიურად უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას საკვერცხის კიბოს გამოვლენაში. საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი იზრდება იმ ქალებში, რომლებსაც სპეციფიური მემკვიდრეობითი გენური დარღვევები აქვთ. საკვერცხის კიბო გენური დარღვევის-BRCA მუტაციის მქონე ქალების 40%-ზე მეტს უვითარდება, მაშინ, როცა ზოგად პოპულაციაში ეს რისკი 1.4 %-ს შეადგენს. საკვერცხის კიბო იწვევს იმაზე მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე ქალის რეპროდუქტიული სისტემის სხვა რომელიმე სიმსივნე. ყოველწლიურად საკვერცხით გამოწვეული სიკვდილობა ევროპაში 42.700 აღწევს. კიბოს აღმოსაჩენად რომელიმე სკრინინგული პროგრამის ეფექტურობა დადგენილი არ არის. საკვერცხის კიბოს სიმპტომები არასპეციფიურია და შესაძლოა მიეკუთვნოს სხვა, ნაკლებად სერიოზულ მდგომარეობებს. ამ მიზეზით, შემთხვევები ხშირად დიაგნოზირდება გვიან სტადთუმცა, ბოლო 35 წლის მანძილზე 5 წლიანი გადარჩენადობა გახანგრძლივდა იმის მიხედვით, თუ როგორია მკურნალობის რეკომენდებული მოდელები (ქირურგიული და ქიმიოთერპიული) და მათი კომბინაცია. - აქვე საკვერცხის კიბოს სიმპტომებზეც რომ გვითხრათ? - მენჯის და მუცლის არეში ტკივილის შეგრძნება, მუცლის ზომის მომატება, ჭამის გაძნელება, წონის დეფიციტი, სწრაფი დანაყრების შეგრძნება, გაზრდილი მოთხოვნილება შარდვაზე. ფაქტიურად ეს სიმპტომები არასპეციფიურია და შესაძლებელია სხვა რამესაც მივაწეროთ, მაგრამ აუცილებლად ყურადღება მისაქცევია. ქალების 60% დაგვიანებულ სტადიაზე დიაგნოზირდება რაც ძალიან სამწუხაროა. - რა არის საკვერცხის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები? - საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი გაპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით- ასაკის, ცხოვრების სტილის, რეპროდუქტიული ან ოჯახური ისტორიის ჩათვლით. საკვერცხის კიბოს განვითარების რისკიგანსაკუთრებით იზრდებაქალებში ისეთი სპეციფიური მემკვიდრეობითი დარღვევით, როგორიცაა BRCA1ან BRCA2 გენების მუტაცია ან გენური პროფილის სხვა ცვლილებები, რომელიც ზრდის საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს, მაგრამ ასევე, ზრდის მგრძნობელობას პლატინის შემცველი ქიმიოთერაპიისადმი და სხვა ახალი აგენტებისადმი, რომლებიც გამიზნულია ასეთ ალტერაციებზე. თუ ზოგად პოპულაციაში, ქალების 1.4 % დიაგნოზირდება საკვერცხის კიბოთი, ამ გენების მუტაციების დროს საკვერცხის კიბოს შემთხვევები 20 % -ს აღწევს. - თქვენი აზრით, რას ნიშნავს იყო კარგი ონკოგინეკოლოგი? - კარგი ონკოგინეკოლოგის მთავარი უნარია აღმოაჩინოს დაავადება რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე. - რას ურჩევდით იმ სტუდენტებს, რომლებმაც ონკოგინეკოლოგია აირჩიეს? - ეს პროფესია ბევრ ღამის თენებას და დიდ შრომას მოითხოვს. ჩემი რჩევა იქნებოდა, იყვნენ ძლიერები და არასოდეს შეწყვიტონ საკუთარი თავზე მუშაობა. მასალა მომზადებულია : www.geodoc.ge-ს მიერ წყარო: https://geodoc.ge/mednews/dina-kurdiani?fbclid=IwAR25IsbCOYIkrCiMG8bBILVeCPBNr2yFi_UUObyaLv09qZ86lJH92IqLQlk


საქართველოში რომელიმე კლინიკაზე თუ შეიძლება ითქვას, რომ ევროპულ, კერძოდ, გერმანულ სტანდარტებს არის მიახლოებული, ეს თბილისის ონკოლოგიური ცენტრია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კლინიკის დამფუძნებელსა და დირექტორს - პროფესორ ზურაბ რაინაულს. ბატონო ზურაბ, ის კადრი, რომელსაც დღეს სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტი უშვებს, არ არის საკმარისად კვალიფიციური იმისთვის, რომ დამოუკიდებლად დაიწყონ მაგალითად, ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება. ამერიკაში მომავალი ექიმი სანამ გამოცდებზე დაიშვება, 11 წელი სწავლობს, შემდეგ კიდევ ხუთი წელი გადის მთელ რიგ საფეხურებს. ჩვენს შემთხვევაში, უკვე თქვენ და თქვენნაირ სპეციალისტებს ევალებათ მათი გაზრდა? მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის პრობლემა ყოველთვის იდგა და რა თქმა უნდა, დღესაც დგას. თუ ჩვენ პროფესიონალიზმის განსაზღვრებას ზოგადი პოსტულატებით მივუდგებით, მაშინ მას ის სახელმწიფო დოკუმენტი ასახავს, რომელსაც სერტიფიკატი ჰქვია. ანუ, თუ ექიმს აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ონკოლოგიაში, ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ იგი კვალიფიციური ონკოლოგია. ასეა კი სინამდვილეში? ყოველ შემთხვევაში, სერტიფიკატი ამას გვეუბნება. რამდენად კვალიფიციურია ექიმი სინამდვილეში, ეს მეორე საკითხია და ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. გარდა თეორიული ცოდნისა, აღნიშნული დამოკიდებულია გამოცდილებაზე და იმ ავანგარდში ყოფნაზე, რასაც თანამედროვე მედიცინის მიღწევები ჰქვია. ამაზე განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება, ვინაიდან ექიმი მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს, თუ რა ხდება მსოფლიო მედიცინაში. ამისთვის კი დასავლეთთან მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეს. ასე რომ თქვენს კითხვას ვუპასუხებ - თუ მარტო სერტიფიკატს დაუჯერებს, ყველა ექიმი ერთნაირი კვალიფიკაციისა, თუმცა, რეალურად ექიმის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს განსაზღვრავს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მხოლოდ მუდმივი სამედიცინო განათლებითა და გამოცდილებით მიიღწევა. მოდით, თქვენს პირად მაგალითზე გვითხარით, როგორც კლინიკის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა... ჩემი აზრით, დამსაქმებელი ჩემი სახით, რომელიც ცდილობს, რომ დაასაქმოს თავის კლინიკაში პროფესიონალი ექიმი, ამ სერტიფიკატის გარდა, დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს იმ გამოცდილებას, რომელიც ასახულია ექიმის პროფესიულ ავტობიოგრაფიაში, ასევე, იმ უნარ-ჩვევებში, რომელიც მას აქვს დაგროვილი. არსებობს რიგი ინდიკატორები, რის საფუძველზეც შეიძლება შეამოწმო ექიმის კვალიფიკაციის დონე. ასევე, არსებობს დროებითი კონტრაქტები, იმასაც გეტყვით, რომ საქართველოში ბევრი პროფესიონალი ექიმი გვყავს, ასე რომ არჩევის ფართო სპექტრი გვაქვს. თქვენს კლინიკას სისტემატურად ჩამოჰყავს უცხოელი სპეციალისტები. ასევე ახსენეთ, რომ აუცილებელია თანამედროვე მიღწევებისა და ახალი ტექნოლოგიების ავანგარდში ყოფნა. მათი ჩამოყვანა ამ მიზანს ემსახურება? მე ვახსენე, რომ სისტემატური ურთიერთობა ევროპულ მედიცინასთან პრაქტიკულად აუცილებელია. ევროპიდან გადმოვიღეთ ჩვენ ე.წ. გაიდლაინები, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ. მე ასე მიმაჩნია, რომ ყველა ქართველ ექიმს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ევროპულ მედიცინასთან, ვინაიდან სხვანაირად უბრალოდ ვერ განვვითარდებით. ჩვენს შემთხვევაში, ინდივიდუალური ურთიერთობები ჩამოვაყალიბეთ როგორც ექიმებს, ისე ინსტიტუციებს შორის. გვაქვს დიდი ხნის ურთიერთობები საზღვარგარეთ ძალიან ბევრ ცნობილ კლინიკასთან. ამ კარგმა ურთიერთობებმა და კოლეგიალურობამ განაპირობა ის, რომ ეს ურთიერთობები სხვა ფაზაში გადავიდა. რამდენიმე გერმანელი ქირურგი ჩვენთან ვიზიტად იმყოფებოდა. ბოლოს ჩამოსული იყო სასწავლო საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი პრივატ დოცენტი დირკ ჯენშურა, რომელიც ასევე ქირურგიული კლინიკის დირექტორია. იგი ასევე გერმანიაში ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტია ლაპარასკოპიულ ქირურგიაში. მისი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ მიმართულების განვითარებისთვის. ყოველ მის ჩამოსვლაზე ვმართავთ ონკოლოგიის შიდა კონფერენციას, როდესაც ირჩევა საინტერესო შემთხვევები, ვმართავთ დისკუსიას და ვაკეთებთ შედარებას ჩვენსა და მათ გამოცდილებას შორის. რა თქმა უნდა ძალიან კარგია ჩვენთვის დირკ ჯენშურას სურვილი, რომ დაგვეხმაროს მედიცინის განვითარებაში. ჩვენი კლინიკის მიღწევად მიმაჩნია ისიც, რომ არა მარტო გერმანელი სპეციალისტები ჩამოდიან ჩვენთან, არამედ ჩვენს ექიმებსაც ვაგზავნით იქ გამოცდილების მისაღებად. ისე, ჩვენც გამოცდილი ექიმები გვყავს, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან ევროპელებს.. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ იქაური სტანდარტების მისაღწევად ჯერ კიდევ სამუშაოა და ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება დავნერგოთ ჩვენს კლინიკაში. ამაში მათი დახმარება კი დაუფასებელია. თორემ ქირურგიული ტექნიკა და მანიპულაციების შესრულება, ეს არის საკითხის ერთი მხარე, მაგრამ დაავადების მართვა პაციენტის კვლევიდან დაწყებული მისი მკურნალობით და რეაბილიტაციით დამთავრებული - ეს არის სხვა და სწორედ ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს კომპლექსურად სტანდარტიზებული. სტანდარტიზაციაში რას გულისხმობთ? მედიცინა არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეცნიერება. ეს გახლავთ დაგროვებულ შემთხვევებზე დაყრდნობილი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ „ეს არის ასე“! მოდით ისიც ვთქვათ, რომ რაც არ უნდა მტკიცებულებები არსებობდეს, არის გამონაკლისები, რომელიც ამ მტკიცებულებებს თავდაყირა აყენებს. მაგალითად, მე-4 სტადიის ავადმყოფი გამოჯანმრთელებას იწყებს? კი ბატონო, გეთანხმებით, თუმცა დღესდღეობით ზოგადად, მკურნალობისა და სამედიცინო დახმარების მეთოდები არის იმდენად ბევრი და მასშტაბური, რომ მაშინაც კი, როდესაც პაციენტი დაავადების გამო არის მძიმე მდგომარეობაში არსებობს მანიპულაციები და პროცედურები, რომელიც სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს.


კიბო განკურნებადია, მხოლოდ უნდა ვიცოდეთ - რა შემთხვევაში!

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი საქართველოში პირველი სპეციალიზირებული დაწესებულება გახლავთ, რომლის დანიშნულებაც კიბოს პრევენცია და მისი ადრეული დიაგნოსტირება გახლავთ. „სტიგმა, რომ კიბო არის განაჩენი, არსებობს იმ მიზეზით, რომ მოსახლეობა არასაკმარისად არის ინფორმირებული“ - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი, პროფ. ზურაბ რაინაული: - ჩვენი კლინიკა დაკომპლექტებულია საკმაოდ კვალიფიციური ექიმებით. ზოგადად, მედიცინაში ცოტა საკამათო თემაა წარმატებული და წარუმატებელი ექიმები, მაგრამ კარგი ექიმის თემა ყოველთვის უცვლელია. ჩვენ კარგი ექიმები გვყავს! საქართველოში პაციენტები უფრო მეტად მიდიან ექიმებთან, ვიდრე სამედიცინო დაწესებულებებში. სწორედ ეს განსხვავებაა ქართულ და ევროპულ კლინიკებს შორის. - და რითია ეს ცუდი? -იმით, რომ ამ მიზეზით ბევრი ექიმი რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. ე.წ. „მორბენალი ექიმების“ ფაქტორის არსებობაში კი მე პოზიტიურს ვერაფერს ვხედავ. კლინიკა არის ინტელექტუალური, მატერიალური და ტექნიკური ბაზის ერთობლიობა. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა არის ექიმის წარმატების მიზეზი და არა სხვა რამ. თორემ, პროფესიონალი ექიმი, რომელსაც ბევრი პაციენტი ჰყავს ერთ კლინიკაში, რატომ უნდა წავიდეს სხვაგან. ის უკვე რეალურად ნაკლებ დროს უთმობს პაციენტს, ვინაიდან რაოდენობაზეა ორიენტირებული და არა ხარისხზე. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ არაეფექტურ შედეგს. ადამიანი მოდის შენთან და განდობს ყველაზე ძვირფას - სიცოცხლეს. მე მივესალმები, რომ ექიმი ისე დაკავებული იყოს ერთ კლინიკაში, რომ არც სურვილი და არც ხიბლი არ გაუჩნდეს სხვა კლინიკაში გადასვლის. ეს მარტო ჩვენს კლინიკას არ ეხება. ზოგადად, ონკოლოგიური დისპანსერის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ისეთი პირობები შევუქმნათ სამედიცინო პერსონალს, რომ მაქსიმალურად დაინტერესებული იყოს კლინიკის წარმატებებით, და არა ცალკე ექიმის წარმატებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთლიანი ორგანიზაცია ზრუნავს იმ საქმეზე, რასაც ადამიანის ჯანმრთელობა ჰქვია. ჩვენი ბრენდი და სტრატეგიული განვითარების ორიენტირი სწორედ ეს არის - ერთად ვიზრუნოთ კლინიკის განვითარებაზე. - თქვენს კლინიკაში სკრინინგ პროგრამაც მოქმედებს? - სკრინინგი ნიშნავს არა პაციენტის, არამედ ჯანმრთელი ადამიანის პროფილაქტიკურ გასინჯვას, ანუ რამე ხომ არ აქვს ისეთი, რასაც თავად ვერ ისინჯავს. სწორედ ამ დროს აღმოჩენილი წარმონაქმნები იკურნება ყველაზე ეფექტურად. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ სკრინინგი ტარდება ჯანმრთელ კონტიგენტზე. აქაც ასაკობრივი რისკი არსებობს, რომლის ფარგლებშიც წელიწადში ერთხელ უნდა მოხვიდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ სკრინინგი. ჩვენთან მუშაობს ეს პროგრამა და მოიცავს ონკოლოგის (მამოლოგის) გასინჯვას, მამოგრაფიას (სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა) და ასევე სხვადასხვა პროცედურებს, მათ შორის ექოსკოპიას. ყველაფერი ეს უფასოა პაციენტისთვის. - მელანომა თუ შედის? - რაც შეეხება მელანომას, არსებობს ე.წ. ევრომელანომის კამპანია, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, მაგრამ აფინანსებენ ფონდები. ჩვენი კლინიკაც ღებულობს მასში მონაწილეობას, რომელიც ტრადიციულად მაისის თვეში ტარდება. საშუალოდ, 1500-2000 ადამიანი ისინჯება ამ დროს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. - სკრინინგის შემდეგ, როგორია მაჩვენებელი ქირურგიული ჩარევების კუთხით? - ზოგადად, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა არის კომპლექსური - ეს მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას და იმუნოთერაპიას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ჩამოთვლილი მეთოდი უნდა გამოიყენო აუცილებლად. მრავალი წელია უკვე დადგენილია, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს გააჩნია ე.წ. კარცეროგენული ფაქტორები, რომლებიც დაავადების განვითარების რისკს ზრდიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი არის ნიკოტინი. ანუ ვინც მწეველია, იმას სამჯერ მეტად ემართება ფილტვის კიბო, ვიდრე არამწეველს. ანდა მზის გამოსხივების დოზა კანის კიბოს წარმოქმნის ფაქტორებს ზრდის. - მულტიპროფილურობის მიუხედავად თქვენ ონკოლოგიური მიმართულების დაწესებულება ხართ. რითია გამორჩეული აქ ჩატარებული მკურნალობის მეთოდიკა? - თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი კლინიკის მენეჯმენტი ვერ მოიწონებს თავს იმ შეთავაზებებით, რომელსაც ჩვენს ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ნებისმიერ კლინიკას აქვს თავისი ფუნქციონირების სახე, რასაც განაპირობებს ძირითადად ინტელექტუალური და იქვე მიბმული მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს ყველაფერი ადექვატურად პასუხობს შიდა და გარე მოთხოვნებს, ყველაზე იდეალური მოდელია. ვფიქრობ, რომ ონკოლოგიური დისპანსერი სწორედ ამით არის გამორჩეული. ჩვენ გვინდა ვიყოთ რაც შეიძლება ადექვატურები იმ გამოწვევებთან, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მედიცინის წინაშე დგას. დღეს მე საკმაოდ დიდი პრაქტიკის მქონე ქირურგი ვარ, მაგრამ როდესაც დამწყები ექიმი გახლდით, მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი იმ მიდგომის, რომ აუცილებლად ოპერაცია უნდა გაკეთდეს (როდესაც ამის საჭიროება არ არის). ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენების მიხედვით. მე, პირადად, ვერც კი წარმომიდგენია რომელიმე კლინიკაში არსებობდეს მედიკოსი, რომელიც გააკეთებს ოპერაციას ჩვენების გარეშე. უნდა ჩატარდეს ის მკურნალობა, რაც ადექვატურია. ჩვენი კლინიკის სახე არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ ადექვატურები იმ გამოწვევებთან, რომლებიც არსებობს დღეს და ვრეაგირებდეთ ნებისმიერ მოვლენაზე. მე ამას პროგრესს ვეძახი. - უფრო დაგვიკონკრეტეთ თუ შეიძლება? - ჩემს სფეროზე, ქირურგიაზე მოგახსენებთ. მსოფლიოში სულ რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო განვითარება მცირე ინვაზიურმა მედიცინამ ანუ ლაპაროსკოპიულმა მეთოდმა. სანამ გავაგრძელებდე, მოდი შევთანხმდეთ, რომ დღეს-დღეობით - ონკოლოგიური დაავადებები ეს არის ჩვეულებრივი დაავადებები, რომელიც ინკურნება. არ არსებობს განუკურნებელი ონკოლოგიური დაავადება. მაგრამ, აქ საკითხი დგას ასე - როდის და რა შემთხვევაში. ისევე როგორც ნებისმიერი დაავადების დროს. ქრონიკული დააადებები, გულ-სისხლძღარღვთა დაავადებები, იგივე დიაბეტი.... დღეს-დღეობით მედიცინის განვითარების შესაძლებლები გვაძლევს საშუალებას, რომ ონკოლოგიური დაავადება სკრინინგით და ადრეული მიმართვით აღმოაჩინო საწყის სტადიაში და მსოფლიოში არსებული რესურსებით მოახდინონ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა. და შემდეგ განკურნო! განკურნება კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მკურნალობის შედეგად სიმსივნე აღარ აღენიშნება. ნებისმიერი დაავადებს არ არსებობა ნიშნავს, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში აღარ რეგისტრირდება მისი მახასიათებლები. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმა. მაგალითად, თუ პროსტატის კიბოს მკურნალობის შემდეგ, ხუთი წლის თავზე დაავადება აღარ ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის ჯანმრთელი. აქედან გამომდინარე, ეს შესაძლებლობას გვაძლევს იმის თქმის, რომ ნებისმიერ დაავადებაზე, როგორც განკურნებად დაავადებაზე ვისაუბროთ. - ანუ კიბო განკურნებადია? -დიახ, მხოლოდ რა შემთხვევაში! უნდა გვახსოვდეს ეს. სტიგმა, რომ კიბო არის განაჩენი, არსებობს ორი მიზეზით. პირველი, მოსახლეობა არ არის საკმარისად ინფორმირებული. რომ, ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ინკურნება სრულიად. იგივე ევროპაში არსებობს ჯანმრთელობის ღია კარის დღეები, როდესაც ონკოლოგიური პროფილის ექიმები (ჩვენი კლინიკაც გეგმავს ამას), ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით გადიან თბილისის რომელიმე რაიონში და აწყობენ შეხვედრას, მაგალითად, ძუძუს კიბოზე. ანუ კონკრეტული თემატური შეხვედრაა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება შესაძლებლობა პირდაპირ ექიმისგან მიიღოს ინფორმაცია. - როგორც ვიცი, თქვენს კლინიკას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს ევროპულ კლინიკებთან? - დიახ, წელიწადნახევრის წინ გერმანიის ერთ-ერთ წამყვანი კლინიკის ცნობილმა ქირურგმა შემოგვთავაზა, რომ კონსულტირებას გაგვიწევდა ნაწლავების ონკოლოგიური ოპერაციების დროს და დაგვეხმარებოდა ახალი მეთოდების დანერგვის კუთხით. ამ მიზნით ჩვენი ექიმები გაგზავნილი იქნენ გერმანიაში ხსენებული მეთოდის სრულყოფილად დაუფლების მიზნით. შემდეგ, თავად გერმანელი ქირურგი იყო ჩამოსული ჩვენთან და რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა. დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ასე და ამრიგად, გამოიკვეთა ჩვენი სახე, როდესაც გვინდა, რომ ონკოლოგიაში ჩვენ ავიღეთ მიმართულება, რომ ლაპარასკოპიური ოპერაციები ანუ მცირე ინვაზიური ჩარევები გაცილებით მეტი იყოს. ეს იქნება მნიშვნელოვანი და ამისთვის სრულიად მობილიზებულია ონკოლოგიური დისპანსერი. მასალა მომზადებულია : www.geodoc.ge-ს მიერ წყარო: https://geodoc.ge/mednews/zurab-rainauli?fbclid=IwAR2y-ENvi2SCsN5fXHUIFMiA0huvx5NqfAnPMUtgp96lM2BisH4nUl_SiO0


საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გულისხმიერი და ყურადღებიანი ექიმი - გიორგი კორახაშვილიქირურგიული დეპარტამენტის უფროსი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი Geodoc-თან თავისი გავლილი გზის შესახებ სუბრობს. 
- ბატონოგიორგი, გვიამბეთთქვენსშესახებ. რამდენიწელია, რაცმედიცინისსფეროშიხართ?

- სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სარეზიდენტო პროგრამის მოლოდინში, ორი წლის განმავლობაში სასწრაფო დახმარებაში ვიმუშავე და შემდეგ, კერძო ქირურგიის რეზიდენტურაში ჩავაბარე. ვარ პირველი სახელმწიფო დაკვეთის რეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, კერძო ქირურგიაში. 2000 წლიდან 2011 წლამდე, ქირურგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, პარალელურად, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშიც. შემდეგ კი, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში გადმოვედი და დღემდე აქ ვმუშაობ. არ დაგიმალავთ, რთული გზა გამოვიარე. ჯერ 90–იან წლებში სტუდენტობის პერიოდი და შემდეგ პაციენტების ნაკლებობა. ჩვენ „ატლანტების თაობას“ გვეძახდნენ, თუმცა, პრაქტიკის მიღებას მაინც ვახერხებდით. ვიტყოდი, რომ მარტივი არა, მაგრამ საინტერესო, შრომატევადი და ნაყოფიერი გზა გამოვიარე.
- ესგზაგარკვეულუნარ-ჩვევებსჩამოგიყალიბებდათ? 

- შესაძლოა... 
- იქნებჩამოგვითვალოთ? 

- სიმპათია–ემპათია პაციენტისადმი, გულისხმიერება, დაკვირვებულობა, დაუზარლობა, არც ერთი დეტალის უგულებელყოფა არ შეიძლება. ეს არის ძირითადი.
- თქვენგანგანსხვავებით, როგორიამედიკოსთაახალითაობადარასურჩევდითმათ? 

- პირველ რიგში, თავიანთი საქმის ერთგულები უნდა იყვნენ, პაციენტი უყვარდეთ, მათდამი თანაგრძნობით იყვნენ გამსჭვალულნი. ეს კი შედეგობრივად აისახება მათ საქმიანობაზე. განათლებასა და ყოველდღიურ განვითარებაზე აღარაფერს ვამბობ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში. წიგნი და ინფორმაციის მიღება ყოველ-დღიურ რეჟიმში - ეს ძალზე მნიშვნელოვანია. 

მასალა მომზადებულია : www. geodoc.ge-ს მიერ  წყარო: https://geodoc.ge/mednews/giorgi-koraxashvili

ეკაგიუაშვილიექიმი - რადიოლოგი
- ქალბატონოეკა, რამდენიწელია, რაცმედიცინისამმიმართულებასემსახურებით?

- რადიოლოგიაში დაახლოებით 15 წელია ვმუშაობ. მანამდე, 20 წელი _ თერაპიაში ვმოღვაწეობდი. ექიმობა ბავშვობიდან ჩემი მოწოდება იყო. თუმცა, ეს ყველაფერი ოჯახიდანაც მომდგამდა - დედა და ბაბუა ექიმები იყვნენ და მათი გავლენით, ეს პროფესია შევიყვარე. უკვე მოზრდილს, ექიმობა გააზრებულად მინდოდა, თუმცა, სკოლის დამთავრებისას, ერთხანს, ფიზიკოსობა მომინდა და ბოლოს გადავიფიქრე (იცინის). 
რადიოლოგიარატომაირჩიეთ? 

- რადიოლოგია დიაგნოსტიკის სფეროა. თერაპიაში კარგა ხანს ვიმუშავე, მერე ორდინატურა გავიარე გასტროენტეროლოგიაში, ზოგად თერაპიაში, შემდეგ ხარისხი დავიცავი და ბოლოს, ინტენსიურ თერაპიაში ვმუშაობდი. იმ დროს, პაციენტი ექოსკოპიაზე რომ ჩამყავდა, ეკრანს ვუყურებდი და ვერაფერს ვიგებდი, არადა, ექიმმა რაღაც დონეზე ეს უნდა იცოდეს. ასე დავინტერესდი, ჩავუღმავდი და საერთოდ ამ მიმართულებას გავყევი. თუმცა, შინაგანად მაინც თერაპევტი ვარ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ რადიოლოგია ურთულესი, და ამავე დროს, ძალზედ დაუფასებელი დარგია. მე თუ მკითხავთ, ნებისმიერი ექიმი, ზოგად მედიცინაში უნდა იყოს ჯერ საკმაოდ კარგად გარკვეული და მერე აირჩიოს რომელიმე ვიწრო სპეციალობა. 
- როგორიუნდაიყოსკარგირადიოლოგი? 

- პირველ რიგში, ადამიანი უნდა უყვარდეს და მის მიმართ თანაგრძნობის, სიბრალულის განცდა უნდა ჰქონდეს. ჩემთან შემოსული ყველა პაციენტი მეცოდება, მზად ვარ გულში ჩავიკრა, რადგან ყველა ძალიან დაძაბულია, მნიშვნელობა არ აქვს, რაიმე აწუხებს თუ ჯანმრთელია, ნერვიულობენ, განიცდიან და ადამიანი თუ არ გიყვარს, კარგი ექიმი ვერ იქნები. ცხადია, ძალიან განათლებული უნდა იყო და შენს სფეროში რაც შეიძლება მეტად ვითარდებოდა, სულ ახლის სწავლის პროცესში იყო. პირველ რიგში, საფუძვლიანი ფუნდამენტური ცოდნა უნდა გქონდეს, თორემ წარმატებას ვერანაირ მიმართულებაში ვერ მიაღწევ. 
- თავადექიმისემოციარამდენადმნიშვნელოვანია

- ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ პაციენტთან ეს არ ჩანს, ყველაფერს საღი გონებით უნდა აფასებდე. არც ზედმეტი ემოციურობაა კარგი, არც - „რობოტობა“. ეს განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როდესაც პაციენტი ახლობელი ადამიანია. რთულია, ამ დროს ობიექტური ვერ ხარ. ემოციების მართვა უნდა შეგეძლოს.

მასალა მომზადებულია : www. geodoc.ge-ს მიერ, წყარო: https://geodoc.ge/mednews/eka-giuashvili

 

დღეს, ალექსანდრე ხელაშვილი, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ქირურგი გახლავთ, რომლისთვისაც ქირურგის ხელობა ხელოვნებასავითაა. იგი გახლავთ მოსკოვის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში, მინიჭებული აქვს ექიმ–ქირურგის უმაღლესი კატეგორია და რუსეთის პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიული საზოგადოების ნამდვილი წევრობა. დღემდე 10 000 მეტი პლასტიკური ოპერაცია აქვს ჩატარებული.
- ბატონო ალექსანდრე, რამდენი წელია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობთ? 
- 43 წელია. ბევრ ქვეყანაში მიმუშავია, მათ შორის მოსკოვში, სადაც პლასტიკური ქირურგიის განყოფილების გამგე ვიყავი. მესამე წელია, რაც საქართველოში გადმოვედი. 
- სხვათაშორის, რუსეთი პლასტიკური ქირურგიის სფეროში მეხუთე ადგილზე არის მსოფლიოში. იქ დიდ გამოცდილებას დააგროვებდით?
- მართლაც კარგი გამოცდილება მივიღე, ყოველწლიურად კონფერენციები და მუდმივი სიახლეები, რაც აქაც გადმოვიტანე. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ქართული მედიცინა ამ მიმართულებით ჩამორჩენილი ნამდვილად არ არის. ცხვირის ოპერაციებს ჩვენთან ჯერ კიდევ კომუნისტების დროს საუკეთესოდ აკეთებდნენ. ვახტანგ ხურციძეს (წოპე) ყველა იცნობს, საქართველოში რინოქირურგიის ერთ–ერთ დამფუძნებელს. 
- მოსკოვში ბევრი ქართველი ექიმი დიდი მოთხოვნით სარგებლობს, თქვენ როგორ შეგელიენ?
- მოსკოვში საკმაოდ კარგად ვმუშაობდით ქართველი ექიმები, ბევრი ცნობილი სახე - პოლიტიკოსები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენდლები დადიოდნენ ჩვენთან. ცხადია, იქ კონკურენცია დიდია, მაგრამ ქართული სკოლაც საკმაოდ ცნობილი და დაფასებულია. 
- ჩვენთან რამოთხოვნები აქვთ პაციენტებს?
- ესთეტიკური მხარე კვლავაც აქტუალურია, მაგრამ დასავლელი პაციენტი ქართველ პაციენტზე ბევრად ინფორმირებულია. მაგალითად, ჩვენთან არ იციან ან ავიწყდებათ, რომ ოპერაციის დროს, ცხვირი ვიწროვდება და სიმაღლე აკლდება, ამიტომ ვიზუალურად განიერი ჩანს… ამ დროს საჭიროა შევიწროება და ხშირ შემთხვევაში, ცხვირის პლასტიკასთან ერთად, ცხვირის ძგიდის კორექციაც გვიწევს. ამას რინოსეპტოპლასტიკა ეწოდება. 
- თქვენი პრაქტიკიდან საინტერესო შემთხვევის შესახებ მოგვიყევით
- რა გითხრათ, კურიოზული მომენტიც ბევრია და რთულიც. იგივე, ტრავმის შემდგომი ოპერაციები არ არის იოლი, მაგალითად, როცა ცხვირი დეფორმირებულია, ან გამრუდებული, სუნთქვის აღდგენაა საჭირო, სილიკონის იმპლანტანტის ჩადგმა და ა.შ. პაციენტებს ჩვენ მხატვრები ვგონივართ - წავშალოთ და ახლიდან დავხატოთ ცხვირი. ელიზაბეტ ტეილორის ფოტოს რომ მოიტანენ და ასეთი მინდა ვიყოო, ეგრეც არ გამოდის ხოლმე. 
- საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ცხვირის პლასტიკური ოპერაციებია
- დიახ, მაგრამ ახლა სხვაც ბევრი რამ არის აქტუალური. ეს ხომ არ არის დაავადება, ეს არის ვიზუალური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი პროცედურა. ამიტომ, როცა საზოგადოების ზოგადი მატერიალური მდგომარეობა მაღალია, მაშინ მოთხოვნაც მაღალია. ჩვენი ოპერაციები დაზღვევით არ ნაზღაურდება, პაციენტები საკუთარი ჯიბიდან იხდიან. რაც უფრო უკეთესი მდგომარეობაა ქვეყანაში, მით მეტია გალამაზების მსურველი პაციენტი. მაგალითად, ადრე, სტუდენტს სამი თვის სტიპენდიით ცხვირის ოპერაციის გაკეთება შეეძლოთ. ძირითადად, 17–დან 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მოდიოდნენ. იყო წელი, როდესაც 800–900–მდე ოპერაცია გამიკეთებია. 
- რა თვისებები უნდა გააჩნდეს პლასტიკურ ქირურგს
- კარგი შეკითხვაა. როდესაც პირველად ვახტანგ ხურციძესთან (წოპე) მივედი, თვითონ ძალიან კარგად ძერწავდა და ხატავდა. სამხატვრო აკადემიაში გამგზავნა და ერთი წლის განმავლობაში ხატვის შესასწავლად დავდიოდი. პროპორციებში უნდა გავრკვეულიყავი. მოსკოვში რასაც ვუყურე, სხვა მიმართულების ქირურგები პლასტიკურ ქირურგიაში გადმოვიდნენ, რადგან ეგონათ, ბევრ ფულს იშოვნიდნენ, მაგრამ მხატვრული თვალთახედვა, მერწმუნეთ, ძალიან ცოტას ჰქონდა. ეს კი აუცილებელია პლასტიკური ქირურგისთვის. პროპორციები, ცხვირის ზომა წინასწარ უნდა განსაზღვრო. თორემ, ზოგს მოკლე ცხვირი გამოსდის და მისი სახის პროპორციაში არ ჯდება. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა დამწყებმა პლასტიკურმა ქირურგმა უნდა იაროს ხატვაზე!

მასალა მომზადებულია : www. geodoc.ge-ს მიერ, წყარო: https://geodoc.ge/mednews/aleqsabdre-xelashvili